XV საუკუნეში, იშაკოღლუ ისა ბეიმ, ბოსნიის თურქმა მმართველმა დააარსა სარაევო. იგივე პერიოდში იქმნება ბაშჩარშია. აღმოსავლური ურბანული ტრადიციის მიხედვით, ქალაქებს მოედნის მაგივრად აქვთ ბაზრები. ბაშჩარშია იყო ამ ადგილის კომერციული, ადმინისტრაციული და კულტურული შუაგული. აქ აშენდა მეჩეთები, მაღაზიები, ბიბლიოთეკა და საათის კოშკი. 1878 წელს, როდესაც ქალაქი გახდა ავსტრია-უნგრეთის ნაწილი, ახალმა მმართველებმა მოისურვეს მისი ევროპულ ქალაქად გარდაქმნა. არქიტექტორებს ხანძარი დაეხმარა და ბაზრის ცენტრალური სივრცე, რომლის შუაშიც XVI საუკუნის მინარეთი იყო აღმართული, მოედნად იქცა. დღეს ის არაოფიციალურად „მტრედის მოედნის“ სახელითაა ცნობილი.


