მორავიის, ბოჰემიის და ავსტრიის საზღვართან, ხშირ ტყეში, წყალსატევებთან ახლოს მდებარე გზაჯვარდინთან 1354 წელს, დაარსდა ტელჩი (ან ტელში გერმანულად). დაარსებიდან ორი საუკუნის შემდეგ, ის ხანძარმა გაანადგურა. ქალაქი ორიგინალი გეგმის მიხედვით, სწრაფად, თუმცა მცირედი ცვლილებებით, შენების სტილის და ტექნიკის ევოლუციის გათვალისწინებით აღადგინეს. გოთიკური სასახლე გადააკეთეს რენესანსულ სტილში და სახლები კი ფრონტონებით დაამშვენეს. ფასადები შეღებეს, მე-18-ე საუკუნეში კი როკოკოს და ბაროკოს სტილში გადააკეთეს. შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი გოთიკური თაღები უცვლელი დარჩა პირველი სართულების დონეზე. სასახლე მოედანზე არსებულ ყველა სახლს აკავშირებს. ასევე აიგო ორი ტაძარი და სვეტი, რომელიც მიეძღვნა წმინდა იოანე ნეპომუკს, აქვეა ორი შადრევანიც. მე-18-ე საუკუნის ბოლოს, ტელჩში თითქოს დრო შეჩერდა, მისი დიდებისა და ეკონომიკური განვითარების შეჩერებასთან ერთად და ქალაქმა ჩვენს დრომდე შემდგომი ცვლილებების გარეშე მოაღწია: ინდუსტრიალიზაციის გავლენისა და სოციალისტური კორპუსების გარეშე. ის დარჩა ზუსტად ისეთივე, როგორიც წიგნებსა და გადმოცემებშია. ქალაქის გეგმა პრაქტიკულად სამკუთხედს წარმოადგენს.




