შვერინი, გერმანია, სავაჭრო მოედანი

შვერინის სავაჭრო მოედანი ზოგადად მოედნის განსაზღვრებად შეიძლება ჩაითვალოს. ის ოთხკუთხედია, თითქმის თანაბარი გვერდებით და თავიდანვე ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრში იყო განლაგებული. აქ ერთიანდებოდა ქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაგებობები, ტაძრიდან ქალაქის მერიამდე. მოედანს ზღაპრული სასახლე გადმოჰყურებს. მოედანზე საქმიანობას ჰენრი ლომის მკაცრი სავაჭრო წესები არეგულირებდა, რაც ქალაქის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა. ვაჭრობის ყველა სფეროს თავისი ადგილი ჰქონდა. მაგალითად, თევზეულობა მოედნის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყიდებოდა. ყასბები დახლებზე გადასაფარებლით სარგებლობდნენ. ბაზარში გაყიდვის უფლება მხოლოდ ადგილობრივ ვაჭრებსა და ხელოსნებს ჰქონდათ. 1171 წლიდან, ქალაქში წლის კონკრეტულ რიცხვში უცხოელი ვაჭრებიც დაიშვებოდნენ.