კელტური, რომაული, შემდეგ სლავური დასახლება, რომელსაც ბოლოს თურქები განაგებდნენ – განლაგებულია მდინარე დუნაის ნაპირზე. მოედანი ახალია და სოცრეალიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. მის ცენტრში განლაგებულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვიდინის მესამე პოლკის ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
ჩიტა-დი-კასტილო უმბრიის ძველ დასახლებაზე, ტიბრის ნაყოფიერ ნაპირებზეა გაშენებული. ქალაქს, რომელმაც თავისი აღორძინების პერიოდში აღმართული შენობების უმრავლესობა დღემდე შეინარჩუნა, უჩვეულო ცენტრალური მოედანი ამშვენებს. ისტორიულად, თანაბრად მნიშვნელოვან მოედნებს, რომლებიც თავდაპირველად პიაცა დელ დონე და პიაცა ვიტელის სახელებით იყო ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა ზედა და ქვედა მოედნებად მოიხსენიებდა. ქვედა მოედანზე არსებულ საკათედრო ტაძარს ცილინდრული სამრეკლო აქვს და ადგილობრივი ეპისკოპოსის, სან ფლორიდოს სახელს ატარებს, რომელიც წმინდანად შერაცხეს და იგი ქალაქის დამცველად გვევლინება. VI საუკუნეში სან ფლორიდო ოსტგოთების მიერ განადგურებული დასახლების აღდგენას უწყობდა ხელს. ქალაქის მერიის შენობა XIV საუკუნით თარიღდება და ანჯელო და ორვიეტოს შემოქმედების შედეგია; მანვე ააგო მეზობელ მოედანზე განლაგებული პალაცო დელ პოდესტა (Palazzo del Podestà). კოშკი საზოგადოებრივი ძალაუფლების სიმბოლოა.
როგორც ჩანს, ოდესღაც ბაზრის მოედანის ტერიტორიაზე რომაული ფორუმი იყო განლაგებული, ხოლო XI საუკუნის მიწურულს, რეგიონის რეპოპულაციის შემდეგ, საზოგადოების ცენტრად იქცა. შუა საუკუნეებში სივრცე კვადრატული ფორმის იყო და მას თაღები და სვეტები ესაზღვრებოდა. აქ ყოველკვირეულად ეწყობოდა ბაზრები, კორიდები და რელიგიური ცერემონიები. მოედანზე ნახავდით როგორც სამეფო მიღებებს, ასევე თავის მოკვეთის პროცესებს. XV საუკუნეში სან ხუანის ეკლესიის წინ, ტორკვემადას თანდასწრებით მოედანზე ცეცხლზე ებრაელები დაწვეს. პატარა ბაზრის მოედანი საინტერესოა მაღალ საზოგადოებასა და რელიგიურ ძალებს შორის ბრძოლის კუთხით. მოედნის სამხრეთ ნაწილში სან ხუანის ეკლესიის მდებარეობის გამო, ეკლესიამ მოედნის ნახევარი მიისაკუთრა. ბოლოს, ქალაქის მერიის კენჭისყრის საფუძველზე, ჩვეულებრივი მართკუთხედი მოედნის მშენებლობა გადაწყდა (1170 წ). მშენებლობა ნელა მიმდინარეობდა და მხოლოდ 1708 წელს დასრულდა. სვეტების რიგმა სან ხუანი შენიღბა, რის შედეგადაც პატარა ბაზრის მოედანი ქალაქის მერიის მოედნად გადაიქცა.
ლევოჩა (Leutschau გერმანულად და Lőcse უნგრულად) ისტორიული რეგიონის – სპიშის დედაქალაქი იყო. მას ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი აქვს. ერთ-ორ თანამედროვე ჩარევას თუ არ მივათვლით, მოედანი თითქმის უცვლელია, შემოსაზღვრულია რა 50 ძველი სახლით, რომელთაგან ზოგიერთის ფასადი შეღებილია. მართკუთხედი მოედნის ცენტრში, განთავსებულია წმინდა იაკობის სახელობის ეკლესია. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეზე კვეთილი საკურთხევლით გამოირჩევა. გვიან-გოთიკურ სტილში შესრულებული ეს ნამუშევარი ნიჭიერი და საიდუმლოებებით მოცული ოსტატის, პავლეს შემოქმედებაა. თითქმის მთელი ინფორმაცია პავლეს შესახებ, ქალაქის არქივში 1550 წელს გაჩენილ ხანძარს შეეწირა. მიუხედავად ამისა, მოედანი დღესაც ოსტატის სახელს ატარებს. გარდა ამისა, პავლეს მოედანზე მდებარეობს ქალაქის მერია და მისი თაღები, რომლებიც 1550 წლის ხანძრის შემდეგ აღადგინეს. შენობა რენესანსის დაგეგმარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სლოვაკეთში. ამას გარდა, მოედანზე იხილავთ XVI საუკუნით დათარიღებულ ე.წ. სირცხვილის გალიას, სადაც დამნაშავეებს საზოგადოების წინაშე წარდგენის მიზნით ათავსებდნენ.
ეს ბუქარესტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანია. მისი კონტურები ბარონ ოსმანის გრანდიოზული გადაკვეთების მოდელით არის შთაგონებული. მე-15-ე საუკუნის მიწურულს, მოედანი ქალაქის კიდეზე იყო განლაგებული, მაგრამ ამჟამად ის ბუქარესტის ცენტრალური მოედნის ფუნქციას ასრულებს და უახლოეს ისტორიაში, არაერთი მნიშვნელოვანი დემონსტრაციის ლოკაცია გახლდათ. სწორად აქ იყო განთავსებული ვლახეთის პირველი უმაღლესი სასწავლებელი – წმინდა საბას უნივერსიტეტი; მე-19-ე საუკუნის შუა წლებში კი აქ ბუქარესტის უნივერსიტეტი აშენდა. მოედანზე რუმინეთის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ოთხი ფიგურის ქანდაკებაა აღმართული, გარდა ამისა იგეგმება კიდევ ერთი ქანდაკების დამატება, რომელიც კომუნიზმის პერიოდში განადგურდა.
სეგოვიის დიდ მოედანს ესპანეთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 1474 წელს, სანამ მოედანს ჯერ კიდევ სან მიგელის მოედანი ეწოდებოდა, აქ კათოლიკე დედოფლის, იზაბელა კასტილიელის კორონაცია შედგა. ამ გარემოების გამოკლებით, ეს სივრცე ტიპიური ესპანური მოედანია. მიუხედავად ამისა, ურბანული თვალსაზრისით, მოედანი მოულოდნელ და ამავდროულად ვიზუალურად საინტერესო სანახაობას გვთავაზობს. მოედნის ერთ მხარეს აღმართულია მასიური საკათედრო ტაძარი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გოთიკურ კათედრალს წარმოადგენს.
ველკე ნამესტი პირველად 1110 წელს არის ნახსენები. ის დიდ ოთხკუთხედ სივრცეს წარმოადგენს, ცენტრში ბაროკოს სტილის სვეტით, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დასასრულის აღსანიშნავად აღიმართა (1680 წ.). მის გვერდით მდებარეობს შადრევანი, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგების სისტემის ნაწილია. მისი განახლება 1665 წლიდან რამდენჯერმე მოხდა. მოედანს ქალაქის მერიის შენობა, რენესანსის სტილის შენობათა რიგი და არტ-ნუვოს ფასადები ესაზღვრება. თუმცა, აქედან ყველაზე აღსანიშნავი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ეპისკოპოსის სასახლეა, თავისი დიდი და ბრწყინვალე ბაღებით.
ეს ქალაქი ინარჩუნებს თანმიმდევრულ საზღვრებს. კედლები, რომლებიც გარს აკრავს ცენტრს, დაანგრიეს მე-15-ე საუკუნეში, თუმცა, მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა კვლავ შესაძლებელია, თიხის კედლებიანი სახლების ე.წ. „მუურჰუიზენით“ მიხედვით. გარეუბნები თავისი განლაგებით ძველი ქალაქიდან გამავალ მთავარ გზებს მიუყვება. დროსთან ერთად, სივრცე გარეუბნებსა და ქალაქს შორის შეივსო რამაც გამოიწვია ქალაქის ზრდა გზატკეცილის მიღმა. ცენტრში განთავსებულია მოედანი – მარკტპლეინ დე ჰოფ.
სიბენიკის პირველი მოსახლეები იყვნენ ხორვატიელები, იგი არ მომდინარეობს ბერძნული კოლონიიდან და არ დაარსებულა ილირიელების ან რომაელების მიერ. თუმცა, მისი ისტორია ძალიან არ განსხვავდება სანაპიროს სხვა ქალაქებისგან. აქ იგრძნობა ოტომანების, ვენეციელების, უნგრეთის და ჰაბსბურგების მეფეების გავლენა. თუმცა, სლავები ყოველთვის დარჩნენ დომინანტებად ქალაქის ციხესიმაგრეში. ერთ დროს, აქ იყო ისტრო-რუმინული დასახლება. მოედანს გააჩნია გამორჩეული ნიუანსები და ხორვატიაში ყველაზე ლამაზად მიიჩნევა. ის ორი ნაწილისაგან შედგება: ერთია ეკლესიის მოედანი და მეორე საერო დანიშნულების. წყალთან სიახლოვის მიუხედავად, სიბენიკი არასდროს ყოფილა საპორტო ქალაქი. მოედნის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია რენესანსის სტილის სასახლე და წმინდა იაკობის ეკლესია, რომელიც იუნესკოს სიაშია შესული.
ლუზას მოედანი დუბროვნიკში, მდებარეობს ქალაქის ყველაზე დიდი არტერიის – სტრადუნის ქუჩის ბოლოში. ქუჩა კვეთს ციხესიმაგრეს დასავლეთიდან აღმოსავლეთით. თითოეული უკიდურესი პუნქტი წარმოადგენს ციხესიმაგრეში შესასვლელს, რომელიც მონიშნულია ჭიშკრით და მოედნით. ეს სტრუქტურა, რომელიც კარგად ჩანს აეროფოტოგრაფიის მეშვეობით, დაკავშირებულია ნაგებობის პირველად ფორმასთან. ათი საუკუნის წინ, სტრადუნი იყო ბერძნულ-რომაული კოლონიის, რაგუსას გამყოფი არხი, რომელიც კუნძულზე წარმოიქმნა დუბრვადან, კონტინენტალური სლავების დასახლებიდან. მე-11-ე საუკუნეში, არხი ამოივსო და ორი დასახლება გადაიქცა ერთად, თუმცა, მათი მეტოქეობა და ორმხრივი სიძულვილი არ ქრებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ, კლასიკური გეგმის თანახმად, მთავარი მოედნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა განისაზღვრა ორ ძველი დასახლების. ამგვარად, ჩამოყალიბდა ლუზას მოედანი სადაც მოექცა ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები: ორლანდოს ქანდაკება, რექტორის სასახლე, სპონცას სასახლე, საათის კოშკი, ონოფრის პატარა შადრევანი. ლუზას მოედანი ქუჩით უკავშირდება მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს, გონდულიჩევა პოლიანას, რომელიც აშენდა ბევრად უფრო მოგვიანებით, 1667 წლის მიწისძვრის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მოედნის დაგეგმარება მოხდა სხვადასხვა დროს ისინი მაინც ერთიან სისტემას ქმნიან.
ასიზი, რომელიც პოპულარულია წმინდა ფრანცისკ ასიზელის გამო, მისი მდებარეობის წყალობით, წარმოადგენს გამონაკლისს, ეტრუსკულ სტილში შექმნილი დასახლებებისაგან განსხვავებით. ის არის განთავსებული არა მთაზე, არამედ სუბასიოს მთის ციცაბო ფერდობზე. ეს ქალაქი ინახავს საკუთარ „საიდუმლოებებს“. მისი შუასაუკუნეების მოედანი, წარმოადგენს ქალაქის მინიატურულ მოდელს. მოედანს გააჩნია გამორჩეული ნაწილი რომაული ცისტერნის მხარეს. რომაული პერიოდით დათარიღებული მინერვას ტაძარი გადაკეთდა ეკლესიად 1539 წელს და თავისი პროპორციებით ყოველტვის იმსახურებდა არქიტექტორებისა და აგრეთვე გოეთეს აღფრთოვანებას. შენობები თითქმის ერთი და იგივე სიმაღლისაა, რაც ერთიანობის შეგრძნებას ქმნის. მოედანზე არსებული მთლიანობიდან ერთ გამონაკლისს წარმოადგენს შუასაუკუნეების კოშკი, მინერვას ტაძრის გვერდზე, რომელიც ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან მოედნის აღქმის საშუალებას იძლევა.
სან მარკოს მოედანი გაშენებულია ვენეციური ლაგუნის ყველაზე დიდი კუნძულის კიდეზე. ის ერთადერთი მოედანია ქალაქში, რომელსაც პიაცა ჰქვია, ყველა დანარჩენს კამპოს ეძახიან. მოედანი გამოირჩევა მთლიანობით, თუმცა აქვს ორი განსხვავებული ზონა: თვითონ მოედანი და პიაცა სან მარკო, რომელიც უკავშირდება ზღვას მოლოთი, მისადგომით. პიაცეტა დეი ლეონჩინის ჰქონდა (და კვლავ აქვს) მოედნის გამგრძელებლის როლი და ამიტომ ნაკლებად შესამჩნევი იდენტობით ხასიათდება. ეს სახელწოდება მან მიიღო საკმაოდ გვიან, 1722 წელს ლომების ქანდაკებების დადგმის შემდეგ, რომლებიც წითელი კოტანელოს მარმარილოსგან არის გამოკვეთილი. მთავარი ბირთვი წარმოდგენილია პიაცა სან მარკოს სახით, რომელიც დაგეგმილი იყო როგორც მოედანი და დოჟების სასახლის ეზო, იმ დროს, როდესაც ბაზილიკის ადგილას მდებარეობდა მხოლოდ სასახლის სამლოცველო. მოედნის სივრცე განისაზღვრა მხოლოდ 1156 წლის შემდეგ, როდესაც მდინარემ გაჭრა არსებული პერიმეტრი ორ ნაწილად. მოედანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ვენეციამ განიცადა მრავალი ისტორიული ცვლილება, და მოსახლეობის ფსიქოლოგიური გარდაქმნა. დღესდღეობით, ამ მოედანს უღებენ ყველაზე მეტ ფოტოს მსოფლიოში. მას წელიწადში სტუმრობს 12 მილიონამდე ტურისტი.
არისტოტელეს მოედნის ისტორია დაიწყო 1917 წელს გაჩენილი ხანძრით, რომლის დროსაც დაიწვა ქალაქის ორი მესამედი ნაწილი. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ოტომანური მმართველობის დროს, სალონიკი წარმოადგენდა აღმოსავლურ ქალაქს, მოედნის გარეშე. მისი მოწყობის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან მჭიდრო დასახლება არსებობის გამო, შეუძლებელი იყო ამ ადგილის დანგრევა. ეს პრობლემა გადაჭრა 1917 წელს გაჩენილმა ხანძარმა, რის შემდეგაც 1918 წელს, ფრანგმა ერნესტ ჰებრარდმა მოამზადა ქალაქის მოედნის პროექტი, რომელიც მხოლოდ 1950 წელს დასრულდა.
ჰერცეგ ნოვი (იტალიურად კასტელნუოვო) თავისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ ძველი დასახლებაა. ის დაარსდა 1382 წელს მეთევზეთა სოფლის ადგილას, ბოსნიელი მეფის – სტეფან I-ს მიერ, რომლის სახელიც ჰქვია ქალაქის ცენტრალურ მოედანს. 1482 წელს ქალაქი თურქებმა დაიპყრეს და დარჩნენ აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, პერიოდულად ესპანელების თავდასხმებიც ხშირი იყო. 1687 ქალაქში მმართველობის ვენეციური, მოგვიანებით კი ავსტრო-უნგრული კანონი მოქმედებდა. ამის შემდგომ, სხვადასხვა დროს, ჰერცეგ ნოვს მართავდნენ რუსები, ნაპოლეონი და მუსოლინი. საბოლოოდ კი ის გახდა იუგოსლავიის ნაწილი. ქალაქის არასრული ისტორიის ნახვა, შესაძლებელია მის მოედანზე. ეს პარადოქსული მოედანია, რადგან ააგეს იტალიურ სტილში, პალმის ხეებით გარშემორტყმული ბრწყინვალე მართმადიდებლური ტაძრით შუაგულში. მოედნიდან, რომლის არაოფიციალური სახელია ბელავისტა, ჩანს ზღვა, ოტომანური საათის კოშკი, ესპანური ციხე-სიმაგრე, კათოლიკური ეკლესიის სამრეკლო და ქალაქის ქვედა ნაწილი.